აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის დროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზა“ შეიძლება, დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას.
„როცა ვხედავ პალესტინელ ბავშვს - ბიჭს ან გოგოს, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამით სულის სიღრმემდე ვარ შეძრული ისევე, როგორც მაშინ, როცა ვხედავ ბავშვს ისრაელიდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა ბლინკენმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის წინააღმდეგია, ვიდრე ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ.
ბლინკენმა ისრაელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ფორმულა „ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს“ განხორციელებას.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა სამოქალაქო მოსახლეობაში.
როგორც BBC წერს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისრაელის მიერ წარმოებული ომების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ხელისუფლება ასე ღიად აცხადებს, რომ ისრაელმა ომის წარმოების კანონები უნდა დაიცვას.