ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს.

ზელენსკის თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელი იყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შეასრულეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა „მყარი და სანდო რჩებოდეს“, მათ შორის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა, ვინაიდან „რუსეთი უნდა ხედავდეს, რომ მსოფლიო უკან არ იხევს, როდესაც თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს იცავს.“


„ეს ეხება კანონის უზენაესობასაც, ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში მეტ გამჭვირვალობასაც და ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის გაძლიერებასაც,“ - განაცხადა ზელენსკიმ.