უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა

უკრაინის სამართალდამცავებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ასევე, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში. ამის შესახებ უშიშროების სამსახური იტყობინება.

„SBU-მ და გენერალურმა პროკურატურამ შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ვლადიმერ გუნდიაევის (იგივე კირილის) წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას და უარყოფს დამპყრობლების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


უკრაინის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.


„პროპაგანდის გასავრცელებლად ის მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ თემებს, ასევე უკრაინის რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს. რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს ონლაინ ქადაგებების, ან საკუთარი ვიდეო კომენტარების სახით.

არაერთხელ მისცა კომენტარები რუსეთის ცენტრალური ტელეარხების პროპაგანდისტებს, სადაც იგი მხარს უჭერდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და მოუწოდებდა მორწმუნეებს გაერთიანებულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. SBU-მ დაადასტურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტები," ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.


გუნდიაევი ეჭვმიტანილია: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ლეგიტიმურად აღიარებაში, აგრესიული ომის დაგეგმვა- მომზადება- დაწყება -წარმოებაში. უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ღონისძიებები უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩართული პირის [კირილის] პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 70 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული სასულიერო პირების წინააღმდეგ. მათგან 16 მიტროპოლიტია.