ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და პირველადი საჭიროების სერვისების განახლების მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბლინკენმა და აბასმა დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის მცდელობები განიხილეს, მათ შორის "პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეჩერების და დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა.“


მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის ღირსების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანაბარი ზომების განხორციელების მიმართ ერთგული რჩება.

ენტონი ბლინკენმა ასევე გამოხატა აშშ-ის ვალდებულება, იმუშაოს „პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზების მიზნით.“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ბლინკენი დღეს თურქეთში ჩავა. მანამდე ის ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდა.


სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორ ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.