გაეროს ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებების ერთობლივი განცხადებით, ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული ყველაზე დიდი დანაკარგია.
განცხადების ხელმომწერები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.
„ვიმეორებთ ჩვენს თხოვნას, რომ მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, თავშესაფრები და სკოლები, დაცული უნდა იყოს. გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. გავიდა 30 დღე. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ახლავე უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი კეტრინ რასელი და სხვები.