ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ოფიციალური განცხადებების გარეშე დასრულდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ. თურქული მედიის ცნობით, მხარეებმა ისრაელ- „ჰამასის“ ომის თემა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ, წყაროების მიხედვით, ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ  ღაზის სექტორში ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა გახდეს. ამასთან, ფიდანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.


Anadolu-ს ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად მიწოდების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას."

ბლინკენმა ფიდანთან ასევე განიხილა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული თურქეთის მიერ, ასევე ორმხრივი და რეგიონული საკითხები. საერთო ჯამში შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა.

ერაყში, დაუანონსებელი ვიზიტის შემდეგ, ბლინკენი 6 ნოემბერს, დილით, თურქეთში ჩავიდა. ეს მისი ბოლო გაჩერებაა რეგიონში, აზიაში გამგზავრებამდე. ერთი დღით ადრე ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელსა და იორდანიაში. ის ასევე შეხვდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.