ბლინკენი თურქეთში ვიზიტის შემდეგ: ჩვენი მოლაპარაკებები მოიცავდა იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ენტონი ბლინკენი დღეს ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განიხილეს ისრაელ-“ჰამასის“ კონფლიქტი, მათ შორის რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის აუცილებლობა. ორივე მხარე შეთანხმდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კრიტიკულ მნიშვნელობაზე.


მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვეს აშშ-თურქეთის ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეეხნენ NATO-ს მოკავშირეებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხებს.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბლინკენმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, მანამდე ის იმყოფებოდა იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროზე, კვიპროსსა და ერაყში. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჰუმანიტარული პაუზის“ მომხრეა.

  • ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ტურნე 6 ნოემბერს, თურქეთში ვიზიტით დაასრულა.

ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში ფოკუსირებული იყო სამ საკითხზე - “როგორ გავაფართოოთ ჰუმანიტარული დახმარება, როგორ შევაჩეროთ კონფლიქტის გავრცელება და ასევე „რისი გაკეთება შეგვიძლია გრძელვადიანი, მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად."


ჰუმანიტარული დახმარება: ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს "ძალიან აგრესიულად" და "ძალიან კონკრეტული გზებით" ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების მისაღებად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ თვალსაზრისით პროგრესზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დახმარება მნიშვნელოვნად გაფართოვდება „მომდევნო დღეებში."

  • მისი თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას ღაზის სექტორში პალესტინელების "საშინელი მსხვერპლის" გამო.

მძევლებთან დაკავშირებით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხზე ფოკუსს ინარჩუნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ბლინკენის თქმით, აშშ-მ ისრაელს კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად. 

„ზოგჯერ რაღაც ცუდის არარსებობა შეიძლება, არ იყოს პროგრესის ყველაზე აშკარა მტკიცებულება, მაგრამ ეს ასეა,“ - აღნიშნა ბლინკენმა.