8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.