იოავ გალანტი: ისრაელის ჯარები „ქალაქ ღაზის შუაგულში არიან“

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მათი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ალყაში აქცევდნენ და მოქმედებენ ქალაქ ღაზაში. მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.


ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.