აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ მოუწოდებს უკრაინას, მონაწილეობა მიიღოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, განაცხადა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა. „[ნებისმიერი მოლაპარაკება... უკრაინის გადასაწყვეტია“, განუცხადა უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს და განმარტა, რომ სამშვიდობო ფორმულის მიღმა რაიმე მოლაპარაკების შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.
ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა მოითხოვს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას უკანონოდ ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის გადასაწყვეტია. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინის გარეშე არაფერი არ უნდა მოხდეს. კვლავ ნათელია, რომ კრემლს არ აქვს ინტერესი მოლაპარაკების ან ამ ომის დასრულების, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს,“ - აღნიშნა პატელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ.