აშშ-ს უკრაინის დასახმარებლად მკაფიო გეგმა აქვს - ენტონი ბლინკენი

ვიდრე რუსეთის მიერ დაწყებული ომი გრძელდება, შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა უკრაინის დასახმარებლად. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

„რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში და ნებისმიერ დროს შეეძლო მისი დასრულება ძალების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით. ვიდრე ამას არ გააკეთებს, შეერთებულ შტატებს აქვს წინსვლის მკაფიო გზა: დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში; მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს; დავაკისროთ რუსეთს პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნავს ბლინკენი.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.