უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას უზარმაზარი წარმატებები აქვს ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით.
მისი თქმით, ყირიმის მიმართულებით ოკუპანტებისა და მათი რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბები კიდევ იქნება.
„ახლა ჩვენ გვაქვს უზარმაზარი წარმატება ყირიმის მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის განადგურებას, მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე და შავი ზღვის ფლოტის განადგურებას - ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევებია,“ - აღნიშნა დანილოვმა.
4 ნოემბერს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდა, „დაზიანდა.“ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განმარტა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქერჩის “ზალივის” გემთმშენებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს.
5 ნოემბრის დილით ნიკოლაი ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი - კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი - ჩაძირეს.