თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულია.
უწყების განცხადებით, ბრალდებები უსამართლოა და ხაზს უსვამს „ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს.“
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ანკარის შეფასებით, ფუნდამენტური უფლებების საკითხები სადავოა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი.
ცნობისათვის, ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთს დემოკრატიულ სტანდარტებთან, კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა აქვს.
ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში არ იცავდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს.