საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევე „დიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს.
„დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა NATO-ს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში“ ვიზიტისას, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე NATO-სთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველო NATO-ს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.