პენტაგონმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ფორმატში მორიგი შეხვედრა დააანონსა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) “რამშტეინის“ ფორმატის მე-17 სამიტი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა 9 ნოემბერს განაცხადა.

ფორმატი 50-ზე მეტი ქვეყნისგან შედგება. შეკრება რეგულარულად, 2022 წლის აპრილიდან მიმდინარეობს, რათა კოორდინაცია გაუწიოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.


აშშ აგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ პაკეტები მცირდება, რადგან ვაშინგტონმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში რესურსები თითქმის გამოიყენა.

„ჩვენ გავაგრძელებთ პაკეტების გადაცემას, ისინი უბრალოდ მცირდება. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ კონგრესს, მიიღოს მოთხოვნა დამატებითი ასიგნებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა გამოგზავნა, რათა ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილება ბრძოლის ველზე,” - აღნიშნა საბრინა სინგმა.

რამშტეინის ფორმატის წინა მე-16 შეხვედრა ბრიუსელში, 11 ოქტომბერს გაიმართა.