უკრაინელებმა მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა შექმნეს

უკრაინის თავდაცვის ჯგუფის Brave1-ის წევრებმა მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა (UGV) Sirko-S1 შექმნეს. მანქანა შექმნილია სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის.


შესაბამისი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა გააკეთა.

„UGV Sirko-S1 არის მრავალფუნქციური უპილოტო სახმელეთო მანქანა, შექმნილი Brave1 თავდაცვის ჯგუფის წევრების მიერ. მისი მიზანია, დაეხმაროს სამხედრო საქონლის ტრანსპორტირებას, დაჭრილთა ევაკუაციას და მტრის პოზიციების დაზვერვას,“ - წერს ფედოროვი.


მისი თქმით, ეს მანქანა შეიძლება, გამოიყენონ ყველაზე ცხელ ადგილებში ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალის ან რაციონის უსაფრთხოდ მიწოდებისთვის. მისი მაქსიმალური ტვირთამწეობა 200 კილოგრამამდეა. უახლესმა განვითარებამ საბრძოლო პირობებში წარმატებული შედეგები უკვე აჩვენა და სამხედროებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო.