საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს
„დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს,“ - განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვები შეწყვიტოს.
შეკითხვას, არღვევს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საერთაშორისო სამართალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.“