ზელენსკიმ და ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულებები დაასახელეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ფრონტის ის მიმართულებები, სადაც სიტუაცია ყველაზე მძიმეა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში - ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს მოისმინა სამხედრო დაზვერვის და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების, კირილო ბუდანოვის და ოლექსანდრ ლიტვინენკოს ანგარიშები. ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის და მომავალშიც ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორი უნდა იყოს სწორი პასუხი როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში.


თავის მხრივ, ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან. მათი სატელეფონო საუბარი 13 ნოემბერს გაიმართა. ზალუჟნის თანახმად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ავდეევკის, კუპიანსკის და მარინკის მიმართულებები, სადაც სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებულია.


გენერალი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას გარკვეული მიმართულებებით, სადაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდალს კონკრეტული მიმართულებები არ დაუსახელებია.

ზალუჟნი გენერალ ბრაუნთან განიხილა ზამთრის პერიოდისთვის არსებული გეგმები და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები, პირველ ყოვლისა ჭურვები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.