ევროკავშირი უკრაინას დამატებით, $100 მილიონზე მეტის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი დამატებით 100 მილიონ ევროს (107,2 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებისთვის და 10 მილიონ ევროს (10,7 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად მოლდოვაში. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ამით ევროკავშირის ჰუმანიტარულმა დახმარებამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, 843 მილიონ ევრომდე (904 მილიონი დოლარი) მიაღწია.


დაფინანსება გადაეცემა პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭიროებებს, როგორიცაა, თავშესაფარი, ჯანდაცვა, საკვები, წყალი, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება და ფულადი დახმარება.

„ევროკავშირი ასევე აგზავნის კიდევ 84 გენერატორს უკრაინაში რუსეთის მიერ ენერგოსისტემაზე თავდასხმების გამო, რითაც უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების საერთო რაოდენობა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, 5000-ს აღემატება. ევროკავშირი ასევე კოორდინაციას უწევს კერძო სექტორის ენერგეტიკული აღჭურვილობის შემოწირულობას,“ ნათქვამია პრესრელიზში.


რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასობრივი დარტყმების კამპანია გასულ წელს, 10 ოქტომბერს დაიწყო, რამაც გათბობისა და ელექტროენერგიის ქსელები თითქმის სრულ კოლაფსამდე მიიყვანა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად „ელოდება ტემპერატურის დაცემას ნულს ქვემოთ“, ვიდრე უკრაინის ენერგოსისტემაზე მასობრივ დარტყმებს დაიწყებს.