პეტერ ფიშერი: ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს

ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და არ უნდა არსებობდეს ეჭვის საფუძველი.

„ევროკავშირი არ მიიღებს ახალ წევრ ქვეყანას, სადაც არჩევნები ეჭვებს ბადებს. ევროკომისიის რეკომენდაცია 9 პუნქტშია თავმოყრილი. გვსურს, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, როგორიცაა, მაგალითად, ანტიკორუფციული სამსახური, საარჩევნო კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, მონაცემთა დაცვის სამსახური, ყველა ეს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური დემოკრატიისთვის, უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.


შემდეგ, რა თქმა უნდა, რომ გააგრძელოთ თქვენი მუშაობა დეოლიგარქიზაციაზე, არის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კომენტარები. განაგრძეთ ეს სამუშაო. ეს, ასევე, რეკომენდაციაა უკრაინასა და მოლდოვის მიმართ,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მისი თქმით, გერმანიას სურს დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რადგან გერმანიას არ სურს ახალი პრობლემები ევროკავშირში.

„ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია. ევროკომისიის რეკომენდაცია ჩვენს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს მიმართულებას აძლევს. გერმანიას სურს თქვას - დიახ, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ არ გვინდა ახალი პრობლემის მიღება ევროკავშირში. ასე რომ, თუ საქართველო, როგორც მე ველოდები, გააგრძელებს რეფორმების გზას, გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების გაძლიერებას, მაშინ მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 27 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური საქართველოს სასარგებლოდ მისცემს ხმას და გერმანია მათ შორისაა. კანცლერმა შოლმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას,” - განაცხადა ელჩმა.