აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.
კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა პალატის 336-მა წევრმა. 96 წინააღმდეგი იყო.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრაზე 14 ნოემბერს გამოტანილი კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის დემოკრატები სჭარბობდნენ. ფედერალური უწყებების დაფინანსების გაგრძელებას მხარი დაუჭირა 209 დემოკრატმა და 127-მა რესპუბლიკელმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს - 2 თებერვლამდე. კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.
სენატში უმრავლესობაში დემოკრატები არიან. მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება. წარმომადგენელთა პალატაში ამ დოკუმენტის მხარდაჭერის გამო, კონსერვატორი რესპუბლიკელების ჯგუფის ინიციატივით და დემოკრატების ხმების წყალობით, თანამდებობიდან გადააყენეს პალატის სპიკერი კევინ მაკართი. მისი გადადგომის ინიციატორმა რესპუბლიკელებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მორიგი დროებითი ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ამჟამინდელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის „დასჯას“ არ აპირებენ.