საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.“

„ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად,“ ნათქვამია უწყების მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში.


“ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს.