საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 73% სრულად, ხოლო 13% გარკვეულწილად უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% სრულად, ხოლო 14% გარკვეულწილდ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 5% გარკვეულწილად, ხოლო 11% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერთა შორის 17% ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% - მაინც დაუჭერს მხარს, ხოლო 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% - უსაფრთხოებას, 14% - ქვეყნის განვითარებას, 8% - უკეთეს მომავალს.
ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახებელს, 17% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 13% - საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების არშესრულებას, 11% - ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას, 6% - რუსეთს.
რაც შეეხება NATO-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მთავარ სარგებლებს შორის გამოკითხულთა 47% უსაფრთხოებას ასახელებს, 17% - თავდაცვას, 13% - ეკონომიკის გაძლიერებას, 6% - ქვეყნის განვითარებას, 5% - სტაბილურობას/მშვიდობას.
NATO-ში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% რუსეთს ასახელებს, 20% - ოკუპირებული რეგიონების სტატუსს, 14% - საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას, 11% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 7% -NATO-ს ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.