გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტის მხარეებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო მალტის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტი, რომლითაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა - თავი შეიკავა.

რეზოლუცია ასევე „გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე განთავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ‘ჰამასს’ და სხვა ჯგუფებს ჰყავთ აყვანილი, პირველ რიგში - ბავშვები.“

„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელს ღაზას სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.


გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი შეფასებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს.

ეს არის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა დაიწყო.