ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე პუნქტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეზღუდვები 2024 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
ბოლო დღეებში მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ, რაც ჰელსინკის შეფასებით, შემთხვევითობა არ უნდა იყოს.
ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ.
„სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.