ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.