ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, საკუთარი თვალით ვნახო ადგილზე არსებული ვითარება და გავეცნო რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით.

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.


პარლამენტის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა.

ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აქ აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.