აშშ დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის გავლენის შეზღუდვის მიზნით, სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეერთებული შტატები რუსეთთან კავშირში მყოფ და კორუფციაში ჩართულ ორ ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ასახელებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეგიონში რუსეთის მავნე გავლენასთან და კორუფციასთან, რომელიც ამ გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა.
სახელმწიფო დეპარტამენტი სერბ პოლიტიკოსს, მისა ვაჩიჩს ასახელებს და ამბობს, რომ ის 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ორგანიზებულ უკანონო ანექსიის რეფერენდუმებში მონაწილეობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს სერბეთის მთავრობის ყოფილ წარმომადგენელს ნენად პოპოვიჩს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. აშშ-ის შეფასებით, პოპოვიჩი ამ დრომდე ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირებს და თავის ქსელს კორუფციული სქემებისთვის პირადი სიმდიდრის შესაქმნელად იყენებს.
პარალელურად, სახაზინო დეპარტამნეტი სანქციებს უწესებს რვა ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისინი "პირდაპირ ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას ან მათი კორუფციული საქმიანობა რუსეთის გავლენით მიმდინარეობს."
ამასთან, ხსენებული პირები კრიტიკულ რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს აფერხებენ.