არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ

16 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.“


არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.


„მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება,“ - განაცხადა არძინბამ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.


არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვეგვერდზებზე.“

ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.