ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფინეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცეს.

ზელენსკი Twitter-ზე წერს,  რომ აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას. 


როგორც ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე წერია, ეს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მე-20 მიწოდება იქნება. ამ პაკეტში შემავალი თავდაცვის აღჭურვილობის ჩანაცვლება ფინეთს დაახლოებით, 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

უკრაინული მედია წერს, რომ ოპერატიული მიზეზების გამო და იმისთვის, რომ დახმარებამ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიაღწიოს, დამატებითი ინფორმაცია პაკეტის შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან განრიგის შესახებ არ გამჟრავნდება.


მთავრობამ აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსები.

ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა, 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.