ერდოღანი: თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება," - განაცხადა ერდოღანმა.


მისივე თქმით, ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად.

სააგენტო DPA აღნიშნავს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში.

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა. წერს სააგენტო.