უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
შეზღუდვები 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესდა. სანქციები დაწესებულია 5 და 10 წლით.
ზელენსკის თქმით, სანქცირებულთა სიაში მყოფებს კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან.
„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა," - განაცხადა ზელენსკიმ.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.