ბაიდენი: ამერიკა „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება.

„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ,“ - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.


ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.

„თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.


ჯო ბაიდენის თქმით, როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.

„გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.