ლოიდ ოსტინი ზელენსკის: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივად გაგრძელდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  ოსტინმა ზელენსკის, 20 ნოემბერს განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი, „ხანგრძლივად გაგრძელდება."

როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა.


„მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა უკრაინის ბრძოლის ველზე, კიევისთვის არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს ვუპასუხოთ,“ - წერს ოსტინი.

ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა.

ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა უკრაინისადმი აშშ-ის დახმარების საკითხი, კონგრესში აზრთა სხვადასხვაობას აწყდება.

20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს.