ისრაელი თანახმაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასთან“ დროებით ზავზე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას ითვალისწინებს, „ჰამასიც“ მიესალმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი შეთანხმების მიღების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდა.


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. „ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.


როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მათივე ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.