უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ სამშაბათს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ შესახებ, რომლის მიზანიც „უცხო პირების ან ჯგუფების არასათანადო პოლიტიკური ჩარევისგან“ დაცვაა.

Reuters-ის თანახმად, კანონმდებლობა შემოთავაზებულია მას შემდეგ, რაც ორბანმა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა ევროკავშირს უნგრეთში დემოკრატიული უფლებების საკითხის გარშემო, ევროპარლამენტის არჩევნების წინ, თავისი პარტიის კამპანია გააძლიერა.


კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცალკე ორგანო, რომელიც პოლიტიკური ჩარევის რისკებს შეისწავლის და გააკონტროლებს. ამასთან, რეკომენდაციას გაუწევს რეგულაციების ცვლილებას. მისი მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის აკრძალულ უცხოურ დაფინანსებას, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოჰყვება.

„უნგრეთის სუვერენიტეტი დაირღვევა და ის ასევე გააძლიერებს რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, თუ პოლიტიკური ძალა მოხვდება იმ პირების ან ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რომელიმე უცხო ძალაზე, ორგანიზაციასა თუ პიროვნებაზე,“ - ნათქვამია კანონპროექტში.


დოკუმენტს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მეტოქეებსა და კრიტიკოსებზე ზეწოლის მორიგ ნაბიჯად აღიქვამენ. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ გაავრცელა უშიშროების მანამდე გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, ოპოზიციის ალიანსმა აშშ-ში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაფინანსება მიიღო.

ვიქტორ ორბანი აცხადებდა, რომ აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული გამოყენებული იყო მის დასამარცხებლად წარმოებულ კამპანიაში. ოპოზიციური პარტიები ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაფინანსების წყარო უცხოეთში მცხოვრები უნგრეთის მოქალაქეები იყვნენ.

ორბანი, რომელიც ხელისუფლებაშია 2010 წლიდან იყო, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ დემოკრატიას ძირს უთხრის.