უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ „რთული და წარმატებული კიბერსპეცოპერაცია“ ჩაატარა, რომლის სამიზნე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ იყო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად „როსავიაციის“ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე წვდომამ ცხადყო, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთში თვითმფრინავების ძრავის, შასის და ფრთის გაუმართაობით გამოწვეულმა ინციდენტებმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა სამოქალაქო ავიაციის სფეროც მოიცვა. 2023 წლის პირველ 9 თვეში აღრიცხულია თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (50 შემთხვევა) სამჯერ მეტია.