ზელენსკი: უკრაინა საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს თავისი სანქციებით ავსებს

უკრაინა საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს თავისი სანქციებით ავსებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას. მისივე თქმით, სანქციები დაწესდა 300-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რუსეთთან ერთად ან ეხმარებიან მას.


„უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს ტერორისტული სახელმწიფოს 300-ზე მეტი იურიდიული პირისა და 150 ფიზიკური პირის შესახებ.

ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.