ადგილობრივი დროის 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.
მედიასაშუალებების ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზის მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.
კატარელი მედიატორების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი გათავისუფლდება, რასაც ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება.
ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ამავე პერიოდის განმავლობაში ისრაელის მიერ 150 პალესტინელი პატიმარი - ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან.