რა მიზნით იმყოფებოდა თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში

თურქმენეთის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა მდგრადი ენერგეტიკის სფეროში, ქვეყნის წარმატებული პროექტები, ასევე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა შეესწავლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დელეგაციაში შედიოდნენ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კორპორაციის Turkmenenergo და თურქმენეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო და წარმოების ცენტრის წარმომადგენლები.


ვიზიტის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის პროექტი „მდგრადი ენერგეტიკული კავშირები ცენტრალურ აზიაში“ (SECCA).

ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარდა ამისა, დელეგატები ასევე გაეცნენ მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის ზოგად სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოს, შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (სახელმწიფო შენობების ინვენტარიზაცია, შენობების ენერგეტიკული სერტიფიცირება), მრეწველობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (მსხვილი საწარმოების რეესტრი, მაღალი ხარისხის ენერგეტიკული აუდიტი).


თურქმენეთი ენერგეტიკული ინდუსტრიის გასაძლიერებლად მუშაობს, რისთვისაც განახლებადი ენერგიის მოწინავე მეთოდებს იყენებს. ქვეყანა სწავლობს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რათა მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და გაზარდოს ენერგოეფექტურობა, ამით ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და შეამციროს ტრადიციული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება.