უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს დაევალათ, რომ ახალი სამობილიზაციო გეგმა მომავალ კვირას წარადგინონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე მან მოისმინა მოხსენებები სამობილიზაციო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ვარიანტებზე.
„მთელი გეგმა შემუშავდება, სიმართლე გითხრათ, ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ რაღაც საკითხები, მაგრამ მინდა, ხალხმა გაიგოს მთელი სამოქმედო გეგმა, სად მივდივართ და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ... ამ საკითხზე ყოვლისმომცველი გეგმა მომავალ კვირას იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამოცანაა დასახული ზალუჟნიის, უმეროვის და სხვა მინისტრების წინაშე, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ, ეს უნდა მოგვარდეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.