ევროკავშირი, გერმანია და საფრანგეთი ერთიანდებიან, რომ დაეხმარონ საქართველოს, გახდეს უფრო “მწვანე”. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას “საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია”. ეს ინიციატივა დაეხმარება საქართველოს იმ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში, რომელზეც საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული.
რეფორმები ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ფასები, გონივრული მობილობა, დაბინძურების კონტროლი და მდგრადი ფინანსები. ამ საკითხების მოგვარებით პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოებას.
პროგრამაში მონაწილე ქართული ინსტიტუტები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) და საქართველოს ეროვნული ბანკი.
პოლიტიკის რეფორმის პროგრამა მოიცავს თერთმეტ მიმართულებას, რომლებიც ფოკუსირებულია „მწვანე გადასვლის“ თემებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის, მწვანე წყალბადის, ნახშირბადის ფასების, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრად ფინანსებს.
„მწვანე ტრანზიცია საქართველოსთვის“ შექმნილია როგორც პოლიტიკაზე დაფუძნებული საკრედიტო საშუალება, რომლის საშუალებითაც, ევროკავშირის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ, საქართველო შეღავათიანი საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გერმანია-ევროკავშირ-საფრანგეთის რეფორმების ახალი პროგრამა არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი თანხვედრა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს მთავრობის ვალდებულების აშკარა ნიშანი, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ,“ - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.