უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა.
„რუსეთმა უკრაინაში 70-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. ეს არის მიზანმიმართული ტერორიზმი. სწორედ ამ დროს. რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია, ადამიანები მოკლას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და მან პასუხი აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით დაესხა თავს.
„ეს იყო რუსეთის ყველაზე დიდი თავდასხმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ,“ - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკიის თქმით, 75 დრონიდან 71 ჩამოაგდეს.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის 77 საცხოვრებელ კორპუსსა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის 120 შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.