ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს

მიგრაციის ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს. Reuters-ის ინფორმაციით, შენგენის ზონის ზოგიერთმა ქვეყანამ ბლოკის შიგნით ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 2023 ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ავსტრიის ხელისუფლებამ სასაზღვრო რეგულაციები ჩეხეთის საზღვართან ოქტომბრიდან აღადგინა, ნოემბრიდან კი, მსგავსი შეზღუდვა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებითაც აამოქმედა.


შენგენის ზონის ქვეყნებიდან საჰაერო გზით შესვლაზე კონტროლი აღადგინა დანიამაც. დანიამ 2024 წლის მაისამდე ასევე შეზღუდვები დააწესა გერმანიის პორტებიდან შესულ პირებზეც.

საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ასევე გაამკაცრა გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და საფრანგეთმა.

გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის მოქალაქეებს შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება კვლავ შეფერხების გარეშე შეუძლიათ და ახალი რეგულაციების მიზანი გაერთიანების შიგნით მიგრანტების თავისუფალი გადაადგილების შეფერხებაა.