„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 25-ე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ, სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში,“ - ამბობს მეუფე შიო.