სალომე ზურაბიშვილი: შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას.

15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ამ გზაზე. მიიტანოთ მოსახლეობამდე, ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ: მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკური სპექტრს.


ეს არის თქვენი როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ერთი წელი გადამწყვეტი გვექნება. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას. მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან, მოლაპარაკებები პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე.

მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.


მინდა, ასევე, ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენამდე აქ მყავდა ახალგაზრდები. ახალგაზრდები , რომლებიც ჩვენ გვიყურებენ ძალიან დიდი იმედით, რადგან იციან,რომ მათი მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ამ ახალგაზრდებს თქვენ უნდა უძღვებოდეთ წინ. ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი, ასევე, ცოდნა, დანახვა, როგორია ეს გზა და როგორ გაიარონ. როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა.

უცებ არ გადაწყვიტონ, რომ საზღვარგარეთ წასვლა ჯობია. ყველას შეუძლია რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თავისუფლება ესეც არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, მათთან ერთად მივაღწიოთ შედეგს,"- მიმართა მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა.