ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს. ჰელსინკის მიზანია, შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს შედის ძალაში.
ფინეთის ხელისუფლებას სურს, შეაჩეროს „რუსეთის ორგანიზებული ქმედებები ქვეყანაზე ჰიბრიდული ზემოქმედების კუთხით.“ ფინეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი განზრახ უწევს ორგანიზებას საზღვრებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადს.
გადაწყვეტილება ძალაში იქნება 13 დეკემბრამდე. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.