ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო'სალივანი, 28 ნოემბერს ასტანაში შეხვდა ყაზახეთის ოფიციალურ პირებს და განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტი რუსეთში, მაგრამ გაზარდა სხვა ექსპორტი მის ჩრდილოელ მეზობელთან.
ო'სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს მიაჩნია, რომ სანქციები, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა უკრაინაში მისი მიმდინარე შეჭრის გამო, ხელს არ შეუშლის მის თანამშრომლობას ყაზახეთთან. ო'სალივანი, სავარაუდოდ, 29 ნოემბერს ეწვევა უზბეკეთს, რათა ყურადღება გაამახვილოს იმავე საკითხზე.
პრესკონფერენციის დროს ევროკავშირის წარმომადგენელს არ განუმარტავს, თუ რა სახის პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზეა საუბარი. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, ხოლო ყაზახეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო საქონლის ექსპორტი რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მალევე შეწყდა. ამავდროულად, ასტანამ დაიმსახურა კრიტიკა იმის გამო, რომ მოსკოვს უფლება მისცა, გვერდი აეარა დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის. ეს მოიცავდა საქონლის იმპორტს და შემდეგ რეექსპორტს, რომელსაც რუსული თავდაცვის ინდუსტრია იარაღის წარმოებისთვის იყენებს. ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კაირატ ტორებაევმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყაზახეთი შეწყვეტს 100-ზე მეტი ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს რუსეთში პოტენციური სამხედრო დანიშნულებით, მაგრამ ვაჭრობის სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც ტორებაევის კომენტარები უარყო.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტით, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია, ევროკავშირი სავარაუდოდ, შეეცდება, შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, თავი აარიდოს სანქციებს მესამე მხარის ქვეყნების გამოყენებით.