ინდოეთში ჰიმალაის მთებში ჩამონგრეული გვირაბის ქვეშ მოყოლილი მუშების გადარჩენის ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია 17 დღეს გაგრძელდა. 28 ნოემბერს ღამით, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 41-ვე მუშა.
ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარახანდის შტატში, ერთ-ერთ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოინგრა. ასეულობით მეტრის სიღრმეზე მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციის პირველ ეტაპზე მაშველებმა შეძლეს და ტონობით ნანგრევებში გააკეთეს ხვრელი, საიდანაც მუშებს ჟანგბადს, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიდნენ. მათ გადარჩენას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მუშების გარშემო გარკვეული სივრცე დარჩენილი იყო.