მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქთან დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათზე პოდოლსკის რაიონში, მოსკოვის სამხრეთით დაახლოებით 20 კილომეტრში.
სობიანინის თქმით, თვითმფრინავის ნამსხვრევების შეჯახების ადგილზე ზიანი ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. უკრაინული მედია წერს, რომ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, უკრაინამ რუსეთს დაახლოებით 35 თვითმფრინავით შეუტია რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის საპასუხოდ. რუსეთი ამტკიცებდა, რომ 24 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.